• შემოგვიერთდით
    GEO
    ENG
    ისწავლე ჩვენთან - შენი წარმატების დროა!
    თქვენი სივრცის დიზაინი - იქმნება სწორედ აქ!
    პრეს-რელიზი

    ✦ ანი ჯეირანაშვილი - პროფესიული ღირებულება, რომელსაც სხვები ვერ ამჩნევენ

    ✦ ანი ჯეირანაშვილი - პროფესიული ღირებულება, რომელსაც სხვები ვერ ამჩნევენ

    ▌პროფესიულ განვითარებაზე საუბრისას ყურადღება უმეტესად ცოდნასა და გამოცდილებაზე კონცენტრირდება. მეტს ვსწავლობთ, ვაგროვებთ გამოცდილებას, ვიღებთ ახალ პასუხისმგებლობებს და ბუნებრივად ველით, რომ ეს ყველაფერი ჩვენს პროფესიულ მდგომარეობაზეც აისახება. თუმცა კარიერა ყოველთვის, ასე სწორხაზოვნად არ ვითარდება.

    ▌ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკმარისზე მეტი კომპეტენცია, გამოცდილება და რეალური პროფესიული შესაძლებლობები, მაგრამ მაინც უჭირდეს იმ ადგილის დაკავება, რომელიც მის რესურსს შეესაბამება. შეიძლება კარგად ასრულებდეს სამუშაოს, არაერთი საინტერესო გამოცდილებაც გააჩნდეს, თუმცა სხვების წარმოდგენა მასზე, ამ ყველაფერს სრულად ვერ ასახავდეს. ზოგჯერ მას ერთი კონკრეტული როლით იცნობენ, მაშინ როდესაც მისი შესაძლებლობები გაცილებით ფართოა. უფრო ხშირად კი თავადაც უჭირს ზუსტად ჩამოაყალიბოს, რას წარმოადგენს დღეს - არა მხოლოდ პროფესიის ან პროფესიის სახელით, არამედ იმ ღირებულებით, რომელსაც ქმნის. სწორედ აქ ჩნდება განსხვავება, პროფესიულ გამოცდილებასა და პროფესიულ პოზიციას შორის. ბუნებრივია, გამოცდილება გვიჩვენებს, რა გაგვიკეთებია. პროფესიული პოზიცია კი პასუხობს უფრო რთულ კითხვას - რას ნიშნავს ეს გამოცდილება მთლიანობაში და რას ამბობს ის ჩვენზე, როგორც პროფესიონალზე ?!

    ▌ორი ადამიანი შეიძლება ერთსა და იმავე სფეროში მუშაობდეს, მსგავსი კომპეტენცია ჰქონდეს და ფორმალურად ერთსა და იმავე მომსახურებას სთავაზობდეს ბაზარს, თუმცა მათი პროფესიული ღირებულება სრულიად განსხვავებული იყოს. ერთის ძლიერი მხარე შეიძლება რთული პრობლემების სტრუქტურირება იყოს, მეორის კი - ადამიანებთან ურთიერთობა, მესამეს - ხედვა, მეოთხის - პროცესების მართვა. ზუსტად ასეთი განსხვავებები ქმნის პროფესიულ ინდივიდუალობას. უფრო მეტიც, ზოგჯერ მათი დანახვა თავად ადამიანსაც უჭირს.

    ▌წლების განმავლობაში გამოცდილება ბუნებრივად გროვდება - პროექტები, გადაწყვეტილებები, შეცდომები, პასუხისმგებლობები, ახალი უნარები. მაგრამ გამოცდილების დაგროვება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მისი მნიშვნელობაც გააზრებული გვაქვს. ამიტომ შეიძლება პროფესიულად უკვე სხვა ეტაპზე ვიყოთ, მაგრამ საკუთარ თავზე, ისევ ძველი წარმოდგენებითა და ძველი ენით ვსაუბრობდეთ. ამ დროს გარემოც მხოლოდ იმას აღიქვამს, რასაც ჩვენ ვაჩვენებთ: როგორ ვსაუბრობთ საკუთარ საქმიანობაზე, რას ვუსვამთ ხაზს, რომელ პროექტებს წარვადგენთ, როგორ ვიქცევით პროფესიულ ურთიერთობებში, რა თემებთან ვასოცირდებით და რამდენად თანმიმდევრულია შთაბეჭდილება, რომელსაც სხვადასხვა სივრცეში ვქმნით. სწორედ ამ ნიშნებით ყალიბდება პროფესიული აღქმა.

    ▌და აქ ჩნდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა: ის, რაც ადამიანში რეალურად არსებობს, და ის, რასაც სხვები მასში ხედავენ, ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ძლიერი სტრატეგიული აზროვნება, მაგრამ გარემო მას მხოლოდ კარგ შემსრულებლად აღიქვამდეს. შეიძლება გამოცდილებით უკვე მზად იყოს უფრო მაღალი პასუხისმგებლობისთვის, თუმცა საკუთარი თავის წარდგენისას კვლავ იმ როლში რჩებოდეს, რომელსაც დიდი ხანია გასცდა. ან იმდენი განსხვავებული უნარისა და გამოცდილების ჩვენებას ცდილობდეს, რომ საბოლოოდ გაუგებარი გახდეს, კონკრეტულად რაშია მისი მთავარი პროფესიული ძალა. ეს ყოველთვის კომპეტენციის ნაკლებობას არ ნიშნავს. ხშირად პრობლემა ის არის, რომ არსებული პროფესიული ღირებულება, ჯერ თავად ადამიანისთვისაც არ არის საკმარისად გააზრებული და ჩამოყალიბებული.

    ▌სწორედ ამიტომ თვითპოზიციონირება გაცილებით მეტია, ვიდრე საკუთარი თავის რეკლამირება. ის არ იწყება კითხვით — „როგორ უნდა გამოვჩნდე?!“ უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა:

    - რა მაქვს რეალურად სათქმელი საკუთარ თავზე?!

    - რას ეფუძნება ჩემი პროფესიული ღირებულება?!

    - რა გამომარჩევს?!

    - რაში ვარ განსაკუთრებით ძლიერი?!

    - ვისთვის არის ჩემი გამოცდილება მნიშვნელოვანი?!

    - რა მინდა, რომ ჩემს სახელთან ასოცირდებოდეს?!

    ▌ამ კითხვებზე პასუხის გარეშე გარემოსთან კომუნიკაცია, ადვილად კარგავს შინაარსს. შეიძლება გვქონდეს გამართული პროფესიული პროფილი, კარგი ვიზუალური მასალა, აქტიური სოციალური მედია და კარგად დაწერილი ბიოგრაფია, მაგრამ თუ თავად არ ვიცით, რის წარმოჩენას ვცდილობთ, ხილვადობა ამ გაურკვევლობას ვერ გადაჭრის.

    ▌ძლიერი პროფესიული პოზიცია არჩევანს მოითხოვს. არ არის აუცილებელი საკუთარ თავზე ყველაფერი ვთქვათ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა უნდა გახდეს ჩვენი პროფესიული იდენტობის მთავარი ნაწილი და რა დარჩეს მხოლოდ გამოცდილების ფონად. ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენი პროფესიული ღირებულება ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ვერ იქნება. ერთი და იგივე უნარი სხვადასხვა აუდიტორიისთვის განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. ▌ამიტომ პოზიციონირება მხოლოდ საკუთარ თავზე პასუხის პოვნა არ არის - ის იმის გაგებაცაა, ვისთვის ქმნი ღირებულებას და შენს რომელ შესაძლებლობას აქვს მნიშვნელობა კონკრეტული მომხმარებლის, დამსაქმებლის, პარტნიორისა, თუ აუდიტორიისთვის. ამ გააზრებასთან ერთად იცვლება კომუნიკაციაც. ადამიანი აღარ ცდილობს საკუთარ თავზე, რაც შეიძლება ბევრი თქვას. ის უფრო ზუსტად არჩევს, რომელ გამოცდილებას გაუსვას ხაზი, როგორ ახსნას საკუთარი მუშაობის სპეციფიკა, რა იყოს მისი მთავარი პროფესიული გზავნილი და რა ტიპის აღქმის ჩამოყალიბება სურს გრძელვადიან პერსპექტივაში.

    ▌სწორედ ამ იდეაზეა შექმნილი კურსი „თვითპოზიციონირების მენეჯმენტი“. მისი შედეგია არა სასურველი პროფესიული იმიჯის ხელოვნურად შექმნა, არამედ საკუთარი პროფესიული რესურსის გააზრება და ერთიან სისტემად ჩამოყალიბება. კურსი აერთიანებს პროფესიულ იდენტობას, სოციალური აღქმის ფსიქოლოგიას, პერსონალურ ბრენდინგს, სტრატეგიულ კომუნიკაციას, თვითპრეზენტაციასა და რეპუტაციის მართვას.

    ▌ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი პროფესიული ცვლილების ეტაპზეა - ახალ საფეხურზე გადადის, დამოუკიდებელ საქმიანობას იწყებს, მიმართულებას იცვლის, ახალ აუდიტორიასთან სურს მუშაობა, ან უბრალოდ გრძნობს, რომ მისი დღევანდელი პროფესიული აღქმა აღარ შეესაბამება რეალურ შესაძლებლობებს. ასეთ დროს კიდევ ერთი კვალიფიკაციის დამატება ყოველთვის არ არის საჭირო. ზოგჯერ საჭიროა უკვე დაგროვილი გამოცდილების ხელახლა გააზრება: რა არის მასში მთავარი, რისი გაძლიერება ღირს, რასთან აღარ გვინდა ასოცირება, რა ტიპის შესაძლებლობები  გვსურს და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ჩვენი პროფესიული პოზიცია.

    „თვითპოზიციონირების მენეჯმენტი“-ს პროგრამის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ეს გააზრება პრაქტიკულ სისტემად გარდაიქმნას. კურსის დასრულებისას მონაწილე ქმნის საკუთარ პოზიციონირების სტრატეგიას, რომელიც აერთიანებს პროფესიულ იდენტობას, აუდიტორიას, ღირებულებით შეთავაზებას, ძირითად გზავნილებს, ხილვადობასა და რეპუტაციის განვითარების მიმართულებებს. საბოლოოდ, პროფესიული განვითარების გარკვეულ ეტაპზე მთავარი კითხვა აღარ არის მხოლოდ - „კიდევ რა უნდა ვისწავლო?!“ ზოგჯერ გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება სხვა კითხვა: იმ ყველაფრიდან, რაც უკვე ვიცი, შემიძლია და გამომიცდია - რამდენად მკაფიოდ მესმის ჩემი პროფესიული ღირებულება და რამდენად სწორად აღიქვამენ მას სხვები?! სწორედ ამ ორ წერტილს შორის - რეალურ პროფესიულ ღირებულებასა და მის აღქმას შორის - იწყება თვითპოზიციონირების მენეჯმენტი.


    Art Line Studio-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

    Art Line Academy-ს ინტერიერის დიზაინისა და მენეჯმენტის, თვითპოზიციონირების მენეჯმენტის - კურსების ლექტორი

    ანი ჯეირანაშვილი



    ✦ საავტორო კურსის შესახებ: კურსზე რეგისტრაცია: ''თვითპოზიციონირების მენეჯმენტი''

    ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკმარისზე მეტი კომპეტენცია, გამოცდილება და რეალური პროფესიული შესაძლებლობები, მაგრამ...