ინტერიერის დიზაინი საქართველოში: კონკურენცია, გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები
ინტერიერის დიზაინის ინდუსტრია საქართველოში ბოლო წლებში სწრაფი ტემპით განვითარდა. ქვეყნის ურბანიზაციის ზრდა, ცხოვრების დონის ამაღლება და გემოვნების ცვლილება განაპირობებს მოთხოვნას ინტერიერის დიზაინის სპეციალისტებზე. საცხოვრებელი, ასევე კომერციული სივრცეების მფლობელები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სივრცის კომფორტს, ფუნქციურობასა და ესთეტიკას. შედეგად, გაიზარდა მოთხოვნა კვალიფიციურ ინტერიერის დიზაინერებზე, თუმცა ბაზარზე არსებული რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურ სურათს ქმნის.
თითქოსდა ინტერიერის დიზაინერების რაოდენობა ბაზარზე საკმაოდ დიდია. სოციალური მედია და გარკვეული დიზაინ ჯგუფები, სავსეა რეკლამებითა და შეთავაზებებით, რომლებიც სთავაზობენ დიზაინს დაბალ ფასად და მოკლე ვადებში. ეს ტენდენცია ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ამ დრომდე ინტერიერის დიზაინის მოკლევადიანი კურსები, რომელთაც ხშირად მხოლოდ რამდენიმე კვირა სჭირდებოდა დასასრულებლად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შედეგად, ბაზარზე გამოჩნდნენ "დიზაინერები", რომლებსაც რეალურად აკლიათ სიღრმისეული ცოდნა სივრცის დაგეგმარების, ტექნიკური ნახაზების შექმნის, მასალების სწორი შერჩევისა და პროექტების მართვის მიმართულებით.
ამასთან ერთად, განსაკუთრებულად გაიზარდა ვიზუალიზატორების როლი, რომლებიც მხოლოდ ვიზუალურ გამოსახულებაზე (ე.წ. რენდერი) მუშაობენ, ხშირად ფუნქციური ან ტექნიკური ანალიზის გარეშე. ასეთი პროფესიონალების რაოდენობა ქმნის ილუზიას, რომ ბაზარი გადავსებულია ინტერიერის დიზაინერებით. თუმცა რეალურად, მაღალი დონის, კომპლექსური მიდგომის მქონე დიზაინერების დეფიციტი კვლავ ძალიან საგრძნობია. მიწოდება რაოდენობრივად ჭარბობს, თუმცა ხარისხიან პროფესიონალებზე მოთხოვნა დღემდე მაღალია. დამკვეთები ხშირად დაბალფასიან, ზედაპირულ სერვისს ირჩევენ, რის შედეგადაც პროექტები ხასიათდება პრობლემებით და დამატებითი ხარჯებით.
თუ გადავხედავთ ინტერიერის დიზაინერების და ვიზუალიზატორების ანაზღაურებას საქართველოში, მერყეობს გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით. ვიზუალიზატორები მზად არიან რამდენიმე ასეულ ლარში მიაწოდონ არასრულყოფილი და გაუმართავი დიზაინ-პროექტი დამკვეთს, რაც შეეხება დამწყები დიზაინერები, რომლებიც დაბალი გამოცდილებით მუშაობენ, 1,000-1,500 ლარის ფარგლებში მერყეობს მათი საშუალო თვიური ანაზღაურება, მაშინ როცა საშუალო გამოცდილების პროფესიონალების ანაზღაურება 2,000-3,500 ლარს აღწევს. გამოცდილი, მაღალი დონის ინტერიერის დიზაინერები კი, რომელთაც მყარად ჩამოყალიბებული პროფესიული პორტფოლიო და კარგი რეპუტაცია აქვთ, საშუალო ჭრილში 5,000 ლარზე მეტს გამოიმუშავებენ თვიურად;
მიუხედავად ამისა, მაღალი კონკურენცია და დაბალბიუჯეტური ვიზუალიზატორების აქტიურობა ბაზარზე მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნის. მათი იაფფასიანი შეთავაზებები ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებში აჩენს არასწორ მოლოდინებს, რასაც მოსდევს პროექტების ტექნიკური ჩავარდნები და ხარისხის შემცირება. საბოლოოდ, ეს ტენდენცია მთლიან ინდუსტრიაზე ნეგატიურად აისახება.
იმისათვის, რომ რეალური პროფესიონალები ბაზარზე გამოიკვეთონ და თავიანთი ღირებულება დაამტკიცონ, აუცილებელია არა მხოლოდ ესთეტიური ხედვის ქონა, არამედ სივრცის სიღრმისეული აღქმა, ტექნიკური ცოდნა და პროექტების ეფექტური მენეჯმენტი. პროფესიონალიზმი, უწყვეტი განათლება და დამკვეთთან სწორი კომუნიკაცია რჩება წარმატების მთავარ ფაქტორებად.
2024 წელს მე (დავით კავლელაშვილი) დავაანონსე ინიციატივა (იხილეთ ბმულზე გადასვლით: https://artlinegroup.ge/pres-release/105-.html), რომლის მიზანიც იყო ინტერიერის დიზაინისა და მენეჯმენტის სრულყოფილი კურსის შექმნა. ამ კურსის ფარგლებში სტუდენტები მიიღებდნენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც, რაც მათ საშუალებას მისცემდა სრულფასოვნად დაუფლებოდნენ ინტერიერის დიზაინის პროფესიას. მიმდინარე პერიოდისთვის Art Line Studio-სა და Smart Academy-ს კოლაბორაციით შექმნილი სასწავლო კურსის ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი"ს ფარგლებში, სამი ნაკადი გადის მომზადებას და სწორედ ეს სტუდენტები ბაზარზე წარსდგებიან იმ ახალ ძალად, რომელიც გააჯანსაღებს და ახალ ხარისხობრივ სტანდარტს დაუდებს საფუძველს საქართველოში ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიას.
დღევანდელ ქართულ ბაზარზე ინტერიერის დიზაინერი, უნდა იყოს არა მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკის შემქმნელი, არამედ სივრცის ფუნქციური არქიტექტორი და ცხოვრების ხარისხის ამაღლების გზამკვლევი. მხოლოდ ისინი, ვინც ჰარმონიულად აერთიანებენ სილამაზეს, ტექნიკურ სიზუსტეს და ადამიანზე მორგებულ კომფორტს, შეძლებენ ბაზარზე წარმატების მოპოვებას და ნდობის დამკვიდრებას.
დავით კავლელაშვილი
Art Line Studio-ს მთავარი ინტერიერის დიზაინერი
,,როცა საუკეთესოს იმსახურებ“
დამკვეთები ხშირად დაბალფასიან, ზედაპირულ სერვისს ირჩევენ, რის შედეგადაც პროექტები ხასიათდება პრობლემებით და დამატებითი ხარჯებით.