
▌ოფიციალური განცხადება
„ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი“ მაღალი დონის 7 თვიანი სასწავლო კურსია, რომელიც უკვე 3 წელია რაც Art Line Studio-ს მიერ შეიქმნა - სახელწოდება, კონცეფცია და სასწავლო პროგრამა, სრულიად Art Line Studio-ს გუნდის მიერ იქნა ჩამოყალიბებული და საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.
კურსი სამი წლის განმავლობაში, საქართველოში ერთ-ერთ სასწავლო აკადემიასთან კოლაბორაციის ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, Art Line Studio-მ გადაწყვეტილება მიიღო, ახალი სეზონიდან დაეტოვებინა აღნიშნული აკადემია და შეექმნა, პროფილური საგანმანათლებლო სივრცე - Art Line Academy.
მიუხედავად ამისა, ყოფილი პარტნიორი აკადემია, ახალი სეზონიდან იგივე (,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი") სახელწოდებით განაგრძობს კურსზე რეგისტრაციას, ოღონდ სხვა ლექტორების მონაწილეობით, რაც ქმნის საფუძვლიან კითხვებს - ავტორობის, პროფესიული ეთიკისა და კოლეგიალურობის ნაწილში.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა სტუდენტმა ზუსტად იცოდეს, ვინ არის კურსის ავტორი, რა პროგრამით უნდა მიიღოს განათლება და ვის პროფესიულ გამოცდილებას ეფუძნება აღნიშნული კურსი.
ჩვენ არ ვართ კონკურენციის წინააღმდეგნი - პირიქით, ჯანსაღი კონკურენცია პროფესიული სფეროს განვითარების აუცილებელი ნაწილია. თუმცა კონკურენცია უნდა ეფუძნებოდეს საკუთარი პროდუქტის შექმნას და არა სხვის მიერ შექმნილი სახელის, კონცეფციისა და პროფესიული რეპუტაციის გაგრძელებას.
- Art Line Studio და Art Line Academy - ახალი სეზონიდან ერთობლივად განაგრძობენ „ინტერიერის დიზაინისა და მენეჯმენტის“ მიმართულების კურსის სასწავლო პროცესს - კვლავაც საკუთარი სახელით, პროფესიული გუნდითა და იმ სტანდარტებით, რომლებზეც აღნიშნული კურსი თავიდანვე შეიქმნა.
- პროფესიულ განათლებაში სახელი, მხოლოდ სახელწოდება არ არის - მის უკან დგას ავტორობა, გამოცდილება, პასუხისმგებლობა და ხარისხი, ამიტომაც იმედს ვიტოვებთ, რომ ყოფილი პარტნიორი აკადემია, გაიზიარებს ჩვენი განცხადების მოტივსა და შინაარსს, საკუთარ პლატფორმაზე არსებული კურსის დასახელებაში შეიტანს ცვლილებას ან დაუბრუნებს 3 წლის წინანდელ, პარტნიორობის დაწყებამდე არსებულ სახელწოდებას.
განცხადება