• შემოგვიერთდით
    GEO
    ENG
    თქვენი სივრცის დიზაინი იქმნება სწორედ აქ
    პრეს-რელიზი

    დავით კავლელაშვილი: დამკვეთებს ხშირად ახასიათებთ თვითნებურად დიზაინ-პროექტში ცვლილებების შეტანა, რაც დაუშვებელი და მიუღებელია!

    დავით კავლელაშვილი: დამკვეთებს ხშირად ახასიათებთ თვითნებურად დიზაინ-პროექტში ცვლილებების შეტანა, რაც დაუშვებელი და მიუღებელია!

    ინტელექტუალური საკუთრების დაცვა I მნიშვნელოვანი კრიტერიუმი პროფესიულ საქმიანობაში

     

     დიზაინის სფეროში, მრავალი მიმართულება ერთიანდება, მათ შორის ინტერიერის დიზაინის ინდუსტრია, სადაც ტოპ დიზაინერები ქმნიან უნიკალურ და კონცეპტუალურ სივრცეებს. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. დიზაინ-პროექტი წარმოადგენს არა მხოლოდ ვიზუალურ ესთეტიკას, არამედ ავტორის შემოქმედებით ძალისხმევას, ინდივიდუალურ ხედვას და პროფესიულ პასუხისმგებლობას, რაც დაცულია როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. თითოეული დიზაინ-პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი დამკვეთის მოთხოვნებზეა მორგებული, ავტორის ინტელექტუალური საკუთრებაა და რეგულირდება „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. დიზაინერული ნამუშევარი ფიქსირდება როგორც უნიკალური შემოქმედებითი პროდუქტი, რომლის ნებისმიერი სახის რედაქტირება ან გამოყენება ავტორის თანხმობის გარეშე წარმოადგენს უფლებების დარღვევას. ავტორს გააჩნია არა მხოლოდ ქონებრივი უფლებები (მათ შორის, ნამუშევრის ექსპლუატაციისა და მატერიალური სარგებლის მიღების უფლება), არამედ მორალური უფლებები (მისი სახელის მითითება და ნამუშევრის სიწმინდის დაცვა), შესაბამისად, დიზაინერის ნებართვის გარეშე პროექტის მოდიფიცირება კანონით აკრძალულია და ცალმხრივი ცვლილება შეიძლება გახდეს სამართლებრივი დავის საგანიც. სამწუხაროდ, ხშირად ვხვდებით საქართველოში დამახინჯებულ პრაქტიკას, როდესაც დამკვეთებს თვითნებურად შეაქვთ ცვლილებები დიზაინ-პროექტებში, ყოველგვარი შეთანხმებისა და კონსულტაციის გარეშე. ასეთი ქმედებები იწვევს პროექტის საწყისი კონცეფციის დაკარგვას, დიზაინის ხარისხისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევას და ორიგინალური ხელშეკრულების პირობების პირდაპირ დარღვევას. ცალმხრივი ცვლილებები არა მხოლოდ ეწინააღმდეგება პროფესიულ ეთიკას, არამედ ქმნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, რაც მოიცავს კომპენსაციის მოთხოვნას და შესაძლებელია, შესაბამისი პროექტის ჩამოშორება ნებისმიერი კერძო, კომერციული ან საზოგადოებრივი გამოყენებიდან.

     შემოქმედებითი ნამუშევარი ავტორის თანხმობის გარეშე არ ექვემდებარება არც შესწორებას, არც გადამუშავებას და არც სხვა სახის ცვლილებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დამკვეთის მიერ დიზაინ-პროექტში ცალმხრივად შეტანილი ცვლილება ექვემდებარება პროექტის წარმოებიდან მოხსნას, რის გამოც რეალიზებული პროექტი ვერ ჩაითვლება დიზაინერული გადაწყვეტილების ქვეშ მყოფ ნამუშევრად. შედეგად, აღნიშნულ სივრცეს ეკარგება შედარებით მაღალი სტატუსის მქონე უძრავი ქონების სახელი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მის კომერციულ და ესთეტიკურ ღირებულებას. ყველა წარმატებული თანამშრომლობის საფუძველი არის მკაფიო და გამჭვირვალე ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, პროექტში ცვლილებების შეტანის პროცედურას და პასუხისმგებლობას ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში. საერთაშორისო და ეროვნული ნორმების შესაბამისად, დიზაინერული ნამუშევარში ცვლილებების შეტანა დაშვებულია მხოლოდ ავტორის წერილობითი თანხმობით, რაც დაცულია როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობით. ეს პრინციპი განაპირობებს როგორც ავტორის მორალური უფლებების დაცვას, ასევე დიზაინ-პროდუქტის მთლიანობის შენარჩუნებას. ტოპ დიზაინერების მხრიდან მსგავს დარღვევებზე მკაცრი რეაგირება არის სრულად გამართლებული როგორც მორალური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. ისინი იცავენ არა მხოლოდ საკუთარ პროფესიულ სახელს, არამედ მთელი ინდუსტრიის სტანდარტებსა და ღირებულებებს. დიზაინერებს უფლება აქვთ მოითხოვონ შეცვლილი ნამუშევრის ავტორობის უარყოფა, დაიცვან თავიანთი კონცეფციის სიწმინდე და სამართლებრივად მოითხოვონ კომპენსაცია და ზიანის ანაზღაურება. დიზაინი არის არა მხოლოდ კომერციული პროდუქტი, არამედ ინტელექტუალური ფასეულობა რომლის დაცვაც ევალება დამკვეთს.

      თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ინტელექტუალური შრომა წამყვან როლს თამაშობს, ყოველი მხარე ვალდებულია პატივი სცეს ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს და უზრუნველყოს შემოქმედებითი თავისუფლების სრული დაცვა. დიზაინი არის ავტორის სული და გონება სივრცეში გამოხატული — მისი თავისებურება უნდა დარჩეს ხელშეუხებელი.

     

     როგორც ჩვენი თითოეული საავტორო არქიტექტურულ-დიზაინერული პროექტი არის მნიშვნელოვანი და შეძლებისდაგვარად ვაკვირდებით მათ განვითარება-რეალიზების პროცესს, დარწმუნებული ვარ აგრეთვე საქართველოში სხვა წამყვანი დიზაინერები და არქიტექტორები იცავენ და დაიცავენ საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს.

     დამწყებებს და ახალბედებს მივცემ რჩევას, გაუფრთხილდნენ და დაიცვან საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების რეალიზების პროცესი, არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები, სწორედ რომ რეალიზებული პროექტებით ფასობენ.

    როგორ და რატომ უნდა დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრება ?!